საზოგადოება
„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ საგრანტო კონკურსების შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მედიას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს ახალციხეში შეხვდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დამსწრეებს ბოლო წლების მუშაობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. თამარ გურჩიანმა ყურადღება გაამახვილა ACCESS-ის საგრანტო კონკურსებზე, რომლებიც თბილისის და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდა.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან და ზოგადად, სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ACCESS–ის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები დაეხმარებათ, რომ საქმიანობა საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს კიდევ უფრო მეტად მოარგონ.

საჯარო შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს ცხრა ქალაქში იმართება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) 2014 წლის ნოემბრიდან ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს“ (ACCESS). მისი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება.

EWMI ACCESS-ი 8 996 947 აშშ დოლარის ღირებულების 6-წლიანი პროექტია, რომელსაც USAID-ი აფინანსებს და EWMI ახორციელებს. პროექტის ადგილობრივი პარტნიორებია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) და „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

| Print |