საზოგადოება
ახალციხეში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ
2020 წლის სექტემბრიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შრომის ანაზღაურება იზრდება. ამისთვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშია ასახული. ეს მუხლი 278 ათასი ლარით არის გაზრდილი.

როგორც ახალციხის მერის პირველი მოადგილე განმარტავს, თანხის ნაწილი აღსაზრდელების კვებას მოხმარდება, ნაწილი კი ხელფასების ზრდას. რამდენით იზრდება ბაღის თანამშრომელთა ანაზღაურება - გურამ მელიქიძეს ზუსტი ციფრის დასახელება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ყველა თანამშრომელს შეეხება.

„ჩვენთვის პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის განათლება. თანხის ძირითადი ნაწილი აღსაზრდელების კვებას მოხმარდება, მოთხოვნილ სტანდარტებს. კალორიულობა, რომელიც ბავშვებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ. დანარჩენი თანხით გარკვეული ზრდა იგეგმება იმ აღმზრდელ-პედაგოგებისთვის, რომლებიც არიან დაწესებულებებში. ამაზე მუშაობენ. 2020 სასწავლო წლიდან იგეგმება ზრდა, ვიცით, რომ ყველას უნდა გაეზარდოს, დატვირთვის და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით“, - განაცხადა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ გურამ მელიქიძემ ჟურნალისტებთან.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 26 საბავშვო ბაღია, აქედან რვა ქალაქში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბაგა-ბაღებში 440-მდე პირია დასაქმებული. სულ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ა(ა)იპ-ს მომავალ წელს 2 მლნ. 953 ათასი ლარია გათვლილი.
| Print |