საზოგადოება
ახალციხის სკვერში სკამები და ურნები მოგლიჯეს

 

ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე არსებული სკვერიდან, ხუთი სკამი და რვა ურნა აიღეს და მდინარესთან გადაყარეს. შემთხვევა 10 დეკემბერს, სავარაუდოდ დღისით მოხდა. ვანდალიზმის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი ბლუაშვილი აქვეყნებს.

„ეს არის ახალციხეში, ასპინძის ქუჩასთან ახლად გაკეთებული სკვერის ინვენტარი!! ამ საქციელის ჩამდენის შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო ახალციხელებო!!!!“, - წერს ადგილობრივი. 

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ შპს „კეთილმოწყობამ“ მოგლეჯილი და გადაყრილი ინვენტარი ისევ სკვერში დააბრუნა. ვანდალიზმში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები ჯერ არ არიან.

"მერია აღნიშნულ საკითხს სწავლობს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. სამწუხაროა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ვანდალიზმი ჩვენი ქალაქის მიმართ. მუნიციპალიტეტის მერია ყველას მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს და საზოგადოებრივ სივრცეებს",
- გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ია გოგატიშვილმა. 

მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე სკვერი ორი წლის წინ მოეწყო. 
| Print |