საზოგადოება
დეპუტატი, რომელმაც გაფრინდაშვილს აგინა, მოსახლეობის ნაწილს ფსიქიკურად აშლილს უწოდებს

 

საკრებულოს წევრი და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. დეპუტატი ფსიქიკურ აშლილობას სალანძღავ, დამაკნინებელ ტერმინად მოიხსენიებს და ამ სიტყვით საზოგადოების კრიტიკას აფასებს.

"მთელი დღეა, ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს. სამწუხაროდ, ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს, რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის. მოკლედ შევეხები მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს.

სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს.
ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულევბელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. (ვისაც ახსოვს ის პერიოდი - უეჭველად დამეთანხმება)",
- აღნიშნავს კუხიანიძე.

მისივე თქმით, მსგავს ქმედებას საქართველოს მხრიდან საშინელი შედეგები მოჰყვა, რადგან რუსეთმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ეს კი აისახა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე. ამ კონტექსტში დეპუტატი დასავლელ პარტიორებსაც ეხება და ამბობს, რომ მათ რჩევებს მოსახლეობა არასწორად იგებს.

"საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას. ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს ყველა რესურსის გამოყენებით. ვინც ამას ვერ ხედავს - უბრალოდ ბრმაა, ან სპეციალურად იბრმავებს თავს. თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ - კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.

ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ ''ვეთამაშოთ'' ამ დაუნდობელ ძალას და ისევ ''სისხლიანი ფასის'' გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით
", - წერს კუხიანიძე.

 

| Print |