საზოგადოება
ახალციხელებმა ვაჟა ექიმის მხარდასაჭერად აქცია გამართეს (ვიდეო)
ახალციხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაპატიმრებული ქართველი ექიმის ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ. ახალციხელები ამბობენ, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს გმირი ექიმის გასათავისუფლებლად.

,,როგორ შეიძლება ექიმის დაკავება საკუთარ ტერიტორიაზე? ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებს ემსახურება. ექიმობა ხომ ჰუმანური პროფესიაა და ის ყველას ჭირდება თბილისშიც და ცხივნვალშიც. უკანონოდ მიუსაჯეს თითქმის ორი წელი. ვითხოვთ, რომ ახალ წელს მაინც შეხვდეს საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად"
- აცხადებს ახალციხელი ნინო თოდაძე.

,,ჩვენ მოვედით ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ჰუმანური პროფესიის კაცია და არ შეიძლება მისი ციხეში ყოფნა. მხარს ვუჭერთ ვაჟას და მის ოჯახს" - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის მედიანალიტიკური ცენტრის დირექტორი ედუარდ აივაზიანი.
ახალციხის ცენტრალურ პარკში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებმა და მოქალაქეებმა მდუმარე აქცია გამართეს.

,,ვაპროტესტებთ ჩვენი თანამემამულის უკანონოდ დაკავებას, რომელიც იმყოფება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე და მას არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთავს. ეს უკანონო დაპატიმრებაა და ახალციხელებიც ვუერთდებით ამ პროტესტს" - ამბობს ,,ტოლერანტის" ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

,,ძალიან რთულია, როცა ადამიანი ახალ წელს თავის ოჯახში ვერ ხვდება. უფრო მეტად ჰუმანურები უნდა ვიყოთ ორივე მხარეს,
მივმართავ ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს, არ შეიძლება უდანაშაულო ექიმი უკანონოდ იყოს დაპატიმრებული"
- აცხადებს ,,თანადგომა შვილებს" ხელმძღვანელი ვეფხია დიაკონაშვილი.

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემებერს, წელიწადი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოაცხადა.

13 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია, ახალციხეში, ადვოკატებმაც გამართეს. „ექიმები საზღვრების გარეშე", „ჩვენი მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ამ ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ახალციხის ცენტრში ადვოკატები. 12-მა უფლებადამცველმა ექიმ-ტრავმატოლოგის უკანონო პატიმრობა მდუმარე აქციით გააპროტესტა და დაკავებული გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

უფრო ადრე, 13 ნოემბერს, ,,თეთრი ხალათების" აქცია ახალციხელმა ექიმებმაც გამართეს და დუმილით ოკუპანტების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
| Print |