საზოგადოება
რვადღიან უწყლობას შეწირული პოსტი (ვიდეო)
ბაკურიანში, სეზონის პიკზე უწყლობისგან შექმნილი პრობლემა, კურორტიდან წასული დამსვენებლები, ბიზნესისთვის მიყენებული ზარალი და შელახული იმიჯი - რვადღიანი უწყლოობის შემდეგ ზამთრის კურორტზე სეზონს, შეიძლება ითქვას, თავიდან იწყებენ.

თანამშრომლეთა თქმით, ,,პანორამაში" დამსვენებელთა დიდმა ნაწილმა მალევე დატოვა სასტუმრო. უწყლობისა თუ დაბალი წნევის გამო ბაკურიანში ჩასულები გათბობისა და სხვა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდნენ.

დამსვენებლებისთვის შექმნილი დისკომფორტისა და მიყენებული ზარალის შესახებ საუბრობენ
სასტუმროს მენეჯერები და მფლობელები. ამბობენ, რომ მიყენებული ზარალი ძალიან დიდია, რადგან უწყლობის გამო დაცლილი ნომრებისა და გაუქმებული ჯავშნების გარდა, მათ ვერ ამუშავეს ბარ-რესტორნები, საცურაო აუზი და ყველა ის სეგმენტი, რითაც პიკურ სეზონზე ყველაზე მეტ შემოსავალს იღებდნენ. ხელისუფლებისთვის პრობლემა დამსვენებელთა დიდმა რაოდენობამ და უნალექობამ გამოიწვია, სასტუმროებში კი აცხადებენ, რომ უწყლობის გამომწვევი მიზეზი ,,წყალმომარაგების კომპანიის" უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

რვადღიანი უწყლობის გამო პასუხისმგებლობა წყალმომარაგების კომპანიას დაეკისრა. შედეგად, ისე რომ გადადგომის მიზეზზე არავის უსაუბრია, პოსტი, 8 იანვარს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკატერინე გალდავამ დატოვა. 

ბაკურიანს წყალმომარაგება 9 იანვარს, ეტაპობრივად აღუდგა, – ამის შესახებ მედიას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაიზარდა.

წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანში თითქმის გადაჭრილია. ამჟამად წყალი მიეწოდება ბაკურიანის მოსახლეობას. პრობლემურ ობიექტებთან მუშაობს ტექნიკური ჯგუფები და წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივი მოხდა. რაც შეეხება პრობლემური ობიექტების ნაწილს, „პანორამას“ უკვე მიეწოდება წყალი, მაგრამ არასრული ტემპით. ტექნიკური ჯგუფები გასულები არიან ობიექტებზე და მუშაობენ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ.
| Print |