საზოგადოება
მანქანები, რომლებიც 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან
გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გათხევადებული აირის აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატები აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის (ინსპექტირების ორგანო) მიერ გაიცემა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია აუცილებელი, კერძოდ: აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება მისი დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია.

უწყების ცნობით, ინსპექტირების ცენტრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი ისეთი აირბალონის ინსპექტირებას მოახდენს, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა ჯერ გასული არ არის.

რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.

ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს.
| Print |