საზოგადოება
ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა
ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ავიარეისი ჩინეთის მხარის ინიციატივით გაუქმდა, მიზეზი კი ქართული მხარისთვის უცნობია.

,,ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. აღნიშნული ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით მოხდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნელობა ტრანზიტულად ჩამოსული მგზავრი იქნება თუ პირდაპირი რეისით. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

,,კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომელიც გადაეცემა დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კონტაქტური გზით, იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები, აღწერილი არ არის.

,,ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად, ამისი საშიშროება რა თქმა უნდა, არ არსებობს. რა შეეხება მგზავრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების, გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად, როგორც კი ეს მითითება გვექნება ჩვენ მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
| Print |