საზოგადოება
გორელოვკას წყალი გაბურღული მილის გამო არ მიეწოდებოდა
გორელოვკაში წყლის ნაკლებობის მიზეზი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, გარკვეულია.

სოფლის თემის წარმომადგენლის თქმით, ის ადგილობრივებთან ერთად მთაზე ავიდა, სადაც ცენტრალური წყალმომარაგების ხაზი გადის.

ადგილზე მისულებს მთავარი წყალსადენი დაზიანებული დახვდათ, რის გამოც ყინულის კედელი იყო აღმართული.

საკრებულოს წევრი გორელოვკიდან ამბობს, რომ დაზიანებული მილი გაასუფთავეს, მაგრამ წყალი მაინც ცოტა მოდიოდა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს ცენტრალური ხაზის შემოწმება. 

,,დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინეთ ყინულის უზარმაზარი ლოდი. ცენტრალური წყალგაყვანილობის მილი იყო დაზიანებული და წყლის დიდი რაოდენობა არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ვფიქრობ, ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, რადგან მილი გაბურღული იყო. ბოლოს ეს ადგილი ნოემბერში დავათვალიერეთ, რა დროსაც არც დაზიანება და მითუმეტეს გაჟონვა არ ხდებოდა" - ამბობს რადიო ,,ნორთან" ასკანაზა მარკოსიანი.

რადიო ნორის ფოტო

ნინოწმინდის მერის ინფორმაციით, გორელოვკაში პრობლემა უკვე მოგვარდა და სოფელს წყალი სრულად მიეწოდება.


წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი სამცხე-ჯავახეთში ბესო ფილოურის თქმით, გორელოვკაში მათ ცენტრალურ წყალსადენზე რეზერვუარიდან გამომსვლელი და შემსვლელი მილები, რომელიც დაზიანებული იყო შეაკეთეს. 

,,ბევრი მიერთება იყო მილზე, ამიტომ თავშივე, ცენტრალურ ნაწილზე ჩავატარეთ სამუშაოები. ჩვენამდე სპეციალურად შექმნილმა კომისიამ იმუშავა და კომპანიას უკვე ჩაჭრილი და გასუფთავებული დახვდა წყალსადენი. ბიჭებმა მხოლოდ შეაკეთეს დაზიანებული ადგილები" - აცხადებს tv9news.ge-სთან ბესო ფილოური.
| Print |