საზოგადოება
ნინო რუხაძემ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
ახალციხის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა. ნინო რუხაძემ საბჭოსა და ახალციხის მერს განცხადებით მიმართა და გადაწყვეტილება დროის უქონლობით ახსნა. საბჭოს წევრების უმრავლესობისთვის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ახალ თავმჯდომარეს საბჭოს გადაწყვეტილებით მომავალ სხდომაზე აირჩევენ.

ახალციხის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმია. მასში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 26 წარმომადგენელია გაწევრიანებული.

საბჭო განიხილავს მერიის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტს, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებსა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. სათათბირო ორგანო მერს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს.

ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დებულებაში წერია, რომ სხდომა არაუგვიანეს სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. საბჭოს პირველი სხდომა 2018 წლის ივნისში გამართა, მეორედ კი ცხრა თვის შემდეგ, 19 მარტს შეიკრიბნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე 19 მარტს აირჩია.

| Print |