საზოგადოება
ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდა
ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) ჩამოყალიბება დასრულდა. დაწესებულების ხელმძღვანელი დღეს, 11 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორსა და ა(ა)იპ-ს შორის, ურთიერთობის ფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ინდივიდუალურადაც შეხვდება. მანამდე კი DMO-ს მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. დავით მუმლაძის თქმით, ორგანიზაცია მუშაობას რეგიონის პოტენციალის აღწერით და შესწავლით დაიწყებს. მას მიაჩნია, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეგიონის პოულარიზებაა საჭირო.

ა(ა)იპ-ი „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის მიზანი რეგიონის ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზებაა.

DMO-ს სულ სამი თანამშრომელი ჰყავს. მათ შესარჩევად კონკურსი რამდენჯერმე გამოცხადდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი 14-თვიანი ლოდინის შემდეგ შეარჩიეს.


| Print |