საზოგადოება
ასპინძაში 18 წლის ახალგაზრდას კვლევის შედეგი კორონავირუსზე ცნობილია
ასპინძაში, იტალიიდან დაბრუნებული 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც ტემპერატურითა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ასპინძაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, COVID - 19 არ დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე იტალიიდან ასპინძაში დაბრუნებული ორი ქალი, თუმცა საეჭვო ნიშნები არც მათ უფიქსირდებათ.

ასპინძის მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა თბილისის სადეზინფექციო ორგანიზაციასთან. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,სანიტარი" 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობის დეზინფექციას მოახდენს.

ასპინძაში სადეზინფექციო სამუშოები მეორე ეტაპზე გადავიდა. ერთხელ უკვე ჩატარდა სკოლებში, ბაღებში, მერიის დაქვემდებარებულ შენობებსა და იმ ტრანსპორტში, რომლითაც სკოლის ბავშვები მოძრაობენ.

ასპინძის მერის განცხადებით, 4 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა, სადაც სოფლის რწმუნებულებს, დეპუტატებს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს ყველა შემომსვლელი თუ ადგილობრივი პირის მონიტორინგი დაევალათ - ,,ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პირი მოწმდება და არა მხოლოდ რისკქვეყნების".

როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, მეორე კვირაა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია, მათ შორის კარწახის საბაჟოც.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ასპინძაში, თითქმის ყველა ღონისძიება გაუქმდა ან მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
| Print |