საზოგადოება
რა იცვლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველო ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაასახელა ის შეზღუდვები, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება.

  • იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;

  • საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;

  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

  • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურუდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნეს სტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო -საყოველთაო მობილიზება;

  • სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდეობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტი პრემიერის თანახელმოწერით დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 259 პაციენტი.
| Print |