საზოგადოება
ახალციხეში გამშვები პუნქტის მოწყობა დაიწყეს (ფოტო)
ახალციხეში ერთ-ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე უკვე დადგეს კარავი, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და ქვის ბორდიურები. აქ სამხედრო და საპოლიციო ძალები სავარაუდოდ, ხვალიდან განლაგდებიან.

გამშვებ პუნქტებზე მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას განახორციელებენ.

რამდენი საკონტროლო პუნქტი მოეწყობა ახალციხეში - ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ კეთდება, თუმცა არის ვარაუდი, რომ კიდევ ერთი პუნქტი მოეწყობა ახალციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე - ე.წ. საბარგო სადგურის ტერიტორიაზე. 

ახალციხესა და თელავში საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 31 მარტს მიიღო. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი პუნქტები ამოქმედდა საქართველოს შვიდ ქალაქში.
| Print |