საზოგადოება
ახალციხის ბაზარი შაბათ-კვირას არ იმუშავებს
ახალციხის სავაჭრო ცენტრი ,,ალფა მარკეტი" სადეზინფექციო სამუშაოების გამო 4 და 5 აპრილს არ იმუშავებს.

ბაზრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი მედიასთან აცხადებს, რომ დანარჩენ დღეებში სავაჭრო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, tv9news.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვახტანგ ქართველიშვილი აცხადებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ბაზარი ითვალისწინებდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მუშაობა ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ხდებოდა.

ვითარების გაკონტროლება ,,ალფა მარკეტში", 29 მარტს შეუძლებელი გახდა, როცა სოფლებიდან ჩამოსული მოქალაქეებისა და მყიდველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დაუცველი რეგულაციების გამო ახალციხის ბაზარი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი 30 მარტს გამოცხადდა, რომელსაც თან ქვეყნის 9 ქალაქში საკონტროლო გამშვები პუნქტების განთავსება და კომენდანტის საათის (21:00 - 6:00 სთ) გამოცხადება მოჰყვა.

| Print |