საზოგადოება
ხელების დეზინფექცია და დისტანცია - როგორ ემსახურებიან ახალციხის ბაზარში მომხმარებლებს
ახალციხის სავაჭრო ცენტრმა მუშაობა განაახლა. ძირითადად სურსათის, შხამქიმიკატებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექციები მუშაობს. ასევე ჩაკეტილია ყველა შესასვლელი ორის გარდა - ერთი შესასვლელიდან მოქალაქეები შედიან, მეორედან გამოდიან. ბაზრიდან გამოსულ პირებს სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი სადეზინფექციო ხსნარს ასხამს.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ალფა მარკეტის“ დირექციის გადაწყვეტილებით, ბაზრის გარეპერიმეტრზე ვაჭრობა მთლიანად აიკრძალა. მუშაობენ მხოლოდ შენობის შიგნით განთავსებული მოვაჭრეები და მაღაზიები. სავაჭროდ შესვლა ასევე სამი კაცის რეგულაციის დაცვით ხდება.

ბაზრის მუშაობას მონიტორინგს უწევს ახალციხის მერია. დღეს დილიდან ადგილზე სიტუაციას ამოწმებდნენ მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე.

სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭის დახურული აგრარული ბაზრების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობს ახალციხის სავაჭრო ცენტრი. მუნიციპლიტეტში მხოლოდ ეს ერთი ბაზარი ფუნქციონირებს და მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, დახურვის გადაწყვეტილებას ვითარების შესაბამისად, რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებენ.

| Print |