საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ორი ბაზარი დაიხურა (ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სამი აგრარული ბაზრიდან ორი დღეს, რვა აპრილს დაიხურა. ბორჯომის და ახალციხის ბაზრების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს დროებითია და პირობების მოწესრიგების შემდეგ, სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

სავაჭრო ცენტრ ,,ახალციხეში“, დღეს მხოლოდ ხორცისა და სურსათის მაღაზიები მუშაობდა, შიდა ტერიტორია, სადაც ხილ-ბოსტნეულის დახლები იყო, დაიკეტა. ბაზრის წარომადგენლების თქმით, დახლების გადაწყობა ხდება, რათა მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვა მოხერხდეს.

დირექტრის, ვახტანგ ქართველიშვილის განმარტებით, გამყიდველებს პირბადე და ხელთათმანები უკეთიათ, დეზინფექცია უტარდება ტერიტორიას, თუმცა პრობლემას მყიდველები ქმნიდნენ.

იგივე მიზეზით დაიხურა ბორჯომის აგრარული ბაზარიც. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განმარტებით, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, არც რეკომენდაციებს იცავდნენ და არც მყიდველთა რიგებს არეგულირებდნენ. მისივე თქმით, ბაზარი ტერიტორიის მოწესრიგების შემდეგ გაიხსნება. 

ნახეთ,
როგორ ემსახურებოდნენ მომხმარებლებს გუშინ ახალციხის ცენტრალურ ბაზარში

| Print |