საზოგადოება
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ლენტეხში დაწესდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს.

„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კარანტინის გამო, ლენტეხის რაიონში დღეიდან მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება და ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რაიონის შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს COVID-19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
| Print |