საზოგადოება
მარტის თვის კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა ადამიანმა თქვა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია. უწყების ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, შეახსენებს, რომ აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე", - აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს. გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.
| Print |