საზოგადოება
სომხურმა თემმა გენოციდის თარიღი ახალციხეში ტრადიციული მსვლელობით ვერ აღნიშნა
სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, 24 აპრილს, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა 1915 წლის მოვლენებს იხსენებს. თუმცა წელს პირველად, სომხურმა თემმა გენოციდის დღე ტრადიციული ღონისძიებებით ვერ აღნიშნა. მიზეზი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებია.

გასულ წლებში მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში იკრიბებოდნენ, საიდანაც წირვის შემდეგ, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მიდიოდნენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შეძახილებით, დროშებითა და ტრანსფარანტებით თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ მოუწოდებდნენ.

,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან, სასულიერო პირები გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისს იხდიდნენ.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
| Print |