საზოგადოება
ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტა, საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

 

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა,- აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და გადაადგილება 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება. რეხვიაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი. ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა. სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,
- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”,
- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

 

| Print |