საზოგადოება
როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი?

 

დაგეგმვის მიუხედავად, პირველი მაისიდან, ახალციხის აგრარული ბაზარი ისევ არ გაიხსნება. 27 აპრილიდან, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაზარმა მუშაობა არ განაახლა. მიზეზი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებია, რომლის დაცვასაც, ბაზრის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხმარებელი ვერ ახერხებს.

დახურვიდან დღემდე სავაჭრო ცენტრში ჩატარდა დეზინფექცია, დახლები განთავსდა ერთმეტრიანი დისტანციით, ასევე დახურულ სივრცეში ჩატარდა შიდასარემონტო სამუშაოები, ეზო დაიხაზა და ავტომანქანებისთვის პარკირების ადგილი გამოიყო.

აღდგომამდე ბაზრის გახსნის მოთხოვნით, მალფუჭებადი პროდუქციით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია სეს-ის შენობასთან გამართეს. 30-მდე მოვაჭრე ბაზრის გახსნისთვის სეს-ის ნებართვას დროულად ითხოვდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებმა ახალციხის მერიის თანამშრომლებთან ერთად აგრარული ბაზარი დაათვალიერეს და შეფასების შემდეგ, ბაზრის დირექციას გახსნის ნებართვა მხოლოდ აღდგომის შემდეგ მისცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პირველ მაისს, თბილისიდან სურსათის ეროვნული საგენტოსა და სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გადაწყდება როდის შეძლებს ახალციხის სავაჭრო ცენტრი მუშაობის გაგრძელებას.

ახალციხის ცენტრალური ბაზარი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, 29 მარტს 15 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორებით დაჯარიმების შემთხვევაში კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 


| Print |