საზოგადოება
ქვეყანა მზადაა, რუს ტურისტებსაც უმასპინძლოს - თურნავა

 

„ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე, რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყო მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორების, დღესაც ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტულად საქართველოსთვის საინტერესო ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები უსაფრთხო კორიდორების შექმნაზე უკვე მიმდინარეობს.

„სახელწოდებაშიც ჩანს, რომ ეს კორიდორი უნდა იყოს უსაფრთხო. შესაბამისად, როდესაც ჩვენი რეგიონის ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედგება საუბარი ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ უსაფრთხოება დაცული იქნება, როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე დამხვედრი ქვეყნისთვის”,
– ამბობს თურნავა. 

მისი თქმით, ტურისტული ბაზრის გახსნამდე დარჩენილ პერიოდში და მათ შორის, საზღვრების გახსნამდე, მაქსიმალურად იმუშავებენ იმაზე, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და გაიდლაინები დანერგონ. მისივე თქმით, ერთ-ერთი კომპონენტი იქნება საზღვარზე კონტროლი. მან აღნიშნა, რომ ყოველ დღე უმჯობესდება სწრაფი ტესტების ხარისხი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გზა, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობისა და შემოსული ტურისტების უსაფრთხოება.

„კარგია, რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია გაშლილ და ღია სივრცესთან, რაც დაგვიცავს იმისგან, რომ ადამიანების ერთად ზედმეტად თავმოყრა არ მოხდება. სოციალური დისტანცირებაც იქნება დაცული. ასევე იქნება პირადი დაცვის საშუალებებიც. დაცული ტურისტული ზონების იდეა და კონცეფცია შემოგვაქვს, და ძალიან მალე ამ კონფეციას დავამუშავებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად. ეს იქნება უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ტურისტებს შევთავაზებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მდიდარია ნაკრძალებით, სადაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ტურისტების ლოკალიზება მოხდეს. მეტ დეტალს შემდგომში წარმოგიდგენთ”, – განაცხადა თურნავამ.

რუსეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 177 160 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით, სულ გარდაცვლილია 1 625 ადამიანი. რუსეთში სულ გამოჯანმრთელებულია 23 803 პირი, ხოლო 2 300 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

| Print |