საზოგადოება
COVID19-ზე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებისთვის სოციალური გვერდები შეიქმნა
„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“ - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია COVID 19-ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა.

ორგანიზაციის თქმით, პანდემიის ფონზე გამოიკვეთა ეთნიკური უმცირესობებების შემაფერხებელი ბარიერები ვირუსის წინააღდეგ ბრძოლაში. პრობლემურია ერთი მხრივ ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ინფორმაციასთან წვდომა, ხოლო მეორე მხრივ მნიშნელოვან დაბრკოლებად რჩება ფართო მასებში გავრცელებული დეზინფორმაციები ონლაინ სივრცეში.

პროექტის ფარგლებში თითოეული რეგიონის ეთნიკური უმცირესობისთვის შეიქმნა 5 Facebook გვერდი აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და რუსულ ენაზე, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია კოვიდ 19-ის სიახლეების, მთავრობის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ. ასევე ინფორმაციის მიწოდება ხდება ვიზუალური მასალის-ინფოგრაფიკების სახით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან ინტერაქციას აღნიშნული Facebook გვერდების მიმდევრებთან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის იგეგმება ე.წ. ქვიზების შექმნა,რომლის მეშვეობითაც ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები ეფექტურად შეძლებენ COVID 19 პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნას.
პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო მოძრაობა “შენმოქმედის” გრანტის ფარგლებში.

| Print |