საზოგადოება
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სუბსიდიის ოდენობებობი მინიმალურიც არ არის - IDFI
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა (idfi.ge) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, დახმარება არაპროპორციულია იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. არსებულ ვითარებაში, IDFI-ის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენს რეპრესირებულ პირთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა, რეალური საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით.

სტატიაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა ოდენობით საბიუჯეტო ხარჯთან იქნება დაკავშირებული რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა და მისი გათანაბრება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის დადგენილ სუბსიდიასთან.

1921 წლის თებერვლიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, საბჭოთა ოკუპაციის და შემდგომ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქეებმა განიცადეს მასობრივი რეპრესიები. რეპრესიები მასშტაბური და მწვავე იყო სტალინის პერიოდში, განსაკუთრებით 1937-1938 წლებში, რაც მოიცავდა მასობრივად ადამიანების დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნას და შევიწროებას.
2012-2018 წლებში, საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესირებულად, ან რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრედ, აღიარებულ იქნა 16,468 პირი.

ვიდეო მომზადებულია ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მიერ.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის დახმაერბის მიზნით დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7-ლარიანი დახმარება, გათვალისწინებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები საქართველოში არის 10,396 პირი.

ვადგენთ აღნიშნულ პეტიციას, რათა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც შეადგენს თვეში 7 ლარს, გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას - 44 ლარს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.
| Print |