საზოგადოება
ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად, 10 ივლისს და დღეს განხორციელდა.

„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის
| Print |