საზოგადოება
„ახალციხის ციხეს“ ბიუჯეტიდან სუბსიდია გამოეყო
ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოეყო. 210 ათასი ლარი კომპლექსს 2020 წლის ბოლომდე, ხარჯების დასაფარად უნდა ეყოს. დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე საკითხს მხარი დაუჭირეს.

„ეკონომიებიდან გამოთავისუფლებული თანხები ორ ა(ა)იპ-ს გადაუნაწილდა. ახალციხის ციხეს გადაეცა 210 ათასი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ეყოს. 100 ათასი ლარი შპს „წყალმომარაგება და წყალანირებას“, - გვითხრა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ.

"ახალციხის ციხის" დირექტორი ამბობს, რომ ეს თანხა ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებში ეყოფა. 

"დავიანგარიშეთ კომუნალურების და ხელფასების სავარაუდო თანხა დავიანგარიშეთ. ჯერ კიდევ გვაქვს ანგარიშზე თანხა, წესით ეს უნდა გვეყოს. სხვა დიდი ხარჯები არ გვექნება", - გვითხრა დავით ტაბატაძემ. 

„ახალციხის ციხე“ შემოსავლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შიდა ტურისმის სტიმულირებისთვის, კომპლექსში შესვლა უფასო გაეხადა.

ახალციხის მერიამ მთავარი ტურისტული ობიექტის დაფინანსება ორი წლის წინ შეწყვიტა. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალციხის ციხე თავის რჩენას საკუთარი შემოსავლებით შეძლებდა.

| Print |