საზოგადოება
პენსიები ყოველთვიურად 1-დან 14 რიცხვის ჩათვლით გაიცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონრები პენსიის აღებას ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის მობილობის დაცემა, რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემასა და ზრუნვას ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისადმი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პენსიონერებს პენსია ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ. პრემიერის თქმით, ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო.

| Print |