საზოგადოება
1000-მდე სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო. თანხა პროექტს - Log-in Georgia-ს მოხმარდება, რომლის მიზანი საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.

Log-in Georgia-ს საშუალებით, მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან დაკავშირებას. სარგებელს დაახლოებით, 500 000 ადამიანი მიიღებს, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის.

„პროექტი Log-in Georgia საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური დუალიზმის დაძლევაში, რათა სოფლის მოსახლეობისა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისათვის იმ შესაძლებლობებთან წვდომა უზრუნველყოს, რითაც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს. ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდება ქვეყნის რეგიონების მასშტაბით ციფრული კავშირის ზრდაში ინვესტირებითა და ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობით. აღნიშნული დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური „ჰაბის“ და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე, უზრუნველყოფს მდგრად აღდგენას COVID-19 -ის პანდემიის ფონზე.“- განმარტავს სებასტიან მოლინეუსი.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

პროექტი განხორციელდება არამეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

| Print |