საზოგადოება
შენგენის ზონაში მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვის დაწესება არაკონსტიტუციურია – GDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს მიღებულ კანონს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას აუკრძალავს, თუკი ისინი არ დააკმაყოფილებენ კანონში მითითებულ კრიტერიუმებს. მაგალითად, თუკი იგი არ წარადგენს კონკრეტულ დოკუმენტაციას, როგორიცაა სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა და ა.შ.  GDI მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

"მიღებული კანონი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ მიმოსვლის თავისუფლებას, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას. მართალია აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა აუცილებელია ნებისმიერი შეზღუდვა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ კრიტერიუმებს- ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს თანაზომიერი. მიღებული კანონი პრობლემურია ორივე თვალსაზრისით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია “მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.“ ამდენად, იმისათვის რათა ჩარევა იყოს გამართლებული უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კონსტიტუციაში მითითებული ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად- სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ან მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად"
- ნათქვამია GDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციას მიაჩია, რომ კანონი არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, კერძოდ იგი არ არის აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება. წარმოდგენილი ღონისძიება არის უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას და მეტიც ლახავს ადამიანის ღირსებას, რამეთუ საქართველოს მოქალაქეებს მიზნის მიღწევის საშუალებად აქცევს.  

"მიღებულ კანონში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დელეგირების საკითხიც. კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას შენგენის ზონაში გადასვლის მიზნით კვეთენ, საქართველოს საზღვრის დატოვების კონკრეტულ წესებსა და პირობებს შსს-ს მინისტრი დაადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტმა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მოახდინოს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თვითნებობის რისკებს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად გასათვალისწინებელია საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ასევე არეგულირებს ქვეყნის დატოვების უფლებას.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროკონვენციის) მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის, საკუთარი ქვეყანა“.  საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და პროპორციული.

"ამასთანავე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, კანონმა თავად უნდა დაადგინოს უფლების შეზღუდვის პირობები და არ უნდა მიანიჭოს აბსოლუტური დისკრეცია იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებსაც ევალებათ შეზღუდვის აღსრულება. ამ მოთხოვნის თვალსაზრისით, კანონში განსახორციელებელი ცვლილება პრობლემურია, რადგან იგი მთლიანად ანდობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შენგენის ზონის/ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამგზავრების მსურველი მოქალაქისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებისა და წესის დადგენას - ნათქვანია GDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

GDI მიიჩნევს, რომ განხილული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის თავისუფლების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს. GDI საკითხზე მუშაობას და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენას აპირებს, მათ შორის მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
| Print |