საზოგადოება
ჩემს შშმ შვილზე ასაკოვანი კაცი სექსუალურად ძალადობდა - "თაროზე შემოდებული" საქმის დეტალები
ახალციხის რაიონული სამმართველო თითქმის ორი წელია იკვლევს, განახორციელა თუ არა თანასოფლელმა მამაკაცმა შშმ პირის მიმართ სექსუალური ქმედება. 42 წლის დაზარალებულის დედამ სავარაუდო ძალადობის შესახებ 2018 წლის 10 ნოემბერს შეიტყო და პოლიციას მეორე დღესვე აცნობა. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტიზა, გამოიკითხნენ მხარეები, თუმცა ამის იქით გამოძიება არ წასულა.

სავარაუდო მსხვერპლის დედა უკვე ორი წელია ითხოვს, რომ 65 წლამდე მეზობელი მამაკაცი გასამართლდეს და კანონის სიმკაცრით დაისაჯოს, თუმცა გამოძიებას 42 წლის ქალისთვის ჯერ დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. მას მენტალური და ფიზიკური პრობლემები აქვს და ეტლით გადაადგილდება. სოციალურად დაუცველი დედა-შვილი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. როგორც სავარაუდო მსხვერპლის დედა გვიყვება, მამაკაცმა შშმ ქალთან სექსუალური ხასიათის ქმედება რამდენჯერმე განახორციელა. დედამ ამის შესახებ 2018 წლის 10 ნოემბერს შეიტყო.

„მეზობელი იყო შემოსული, საუბრისას ამ კაცის სახელი ვახსენე. ეს რომ ვთქვი, ჩემმა შვილმა ბურთივით ხტუნაობა და ტირილი დაიწყო. ეგ ჩვენთან მოდის ხოლმეო. უბეში ხელს მიყოფდა და შარვალს მიწევდაო. მერე რას აკეთებდა არ ვიცი. არ უთქვამს, რომ საწოლზე აწვენდა, ეტლშივე ხდებოდა ეგ ყველაფერი. თურმე პირზე ხელს აფარებდა, აშინებდა არ თქვა, თორემ მოგკლავო. მე რომ სახლიდან გავიდოდი და სახლში მარტო ვტოვებდი, მაშინ მოდიოდა. როგორ გაბედა და ეტლში მჯდომ გოგოსთან როგორ მივიდა“.

დაზარალებული ორ წელში რამდენჯერმე გამოიკითხა და ექსპერტიზაც ორჯერ ჩაუტარდა. შშმ ქალის დედა ამბობს, რომ ექსპერტმა სხეულზე სისხლჩაქცევები სავარაუდო ძალადობის პერიოდს ვერ დაუკავშირა.

„სხეულზე ლაქები ჰქონდა, ფეხზე სილურჯეები, მაგრამ ეგ მომხდარის შემდეგი პერიოდის არისო. არ წაქცეულა, როგორ ექნებოდა? სად არ მივედი, ვის არ ვუთხარი, მაგრამ გამოძიებაში არაფერი ხდება. ბავშვი მეხვეწება ეგ კაცი პოლიციამ დაიჭიროსო, სახლში მარტო ვეღარ ვტოვებ, ეშინია.“

შსს-ში გამოძიების გაჭიანურებულ პროცესზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმის მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

შშმ ქალის დედა ამბობს, რომ საქმის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს საკმარისი მტკიცებულებები აქვთ. მსხვერპლის ტელეფონში ფიქსირდება მეზობელი მამაკაცის ნომრიდან რამდენჯერმე განხორციელებული ზარი. ამაზე სავარაუდო ბრალდებულის შვილი ამბობს, რომ მამამისს სოციალურად დაუცველებთან მერიის მიერ გამოყოფილი შეშა მიჰქონდა, ამიტომ არ უკვირს, რომ შშმ ქალის ტელეფონში მამამისის ნომერია დაფიქსირებული.

„რადგან ახლობლები იყვნენ, მამაჩემი თავად ცლიდა შეშას. მაგ წელს რომ მიიტანეს, გოგოს დედა სახლში არ იყო. მამაჩემმა ნომერი დაუტოვა, რომ მოვა შემეხმიანოსო, საბუთზე უნდა მოეწერა ხელი, რომ შეშა ჩაიბარა“.

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გახმაურდა, სავარაუდო ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა.

„რასაც ეს გოგო ამბობს, ძალიან არასასიამოვნოა. ასეთი რამ რომელიმე მეზობელს მოეწონებოდა? მეუღლე, შვილები იმდენად შეურაცხყოფილები იყვნენ, რომ აქ არ დაედგომებოდათ“, - გვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

„ის ვიცი, რაც ყველამ გაიგო. მართალია თუ ტყუილი, არ უნდა მომხდარიყო. გაუპატიურება არა მგონია, ალბათ უფრო სექსუალური ქმედება იყო“.

„რამდენიმე მეზობელი ეკამათა, შერცხვათ ალბათ და წავიდნენ ახალციხეში. სამი გოგოს დედა ვარ, მეც მეშინია ასეთი რაღაცის. თუ მართლა ეგ გააკეთა, სოფელში გასაჩერებელი საერთოდ არ არის“,
- ამბობენ სოფელში.

სავარაუდო ბრალდებული სახლში არ დაგვხვდა. შვილმა გვითხრა, რომ სამსახურში იმყოფებოდა. მას არ დაუმალავს, რომ საცხოვრებლის შეცვლის მიზეზი მომხდარი ფაქტი იყო.

„იყო რაღაც სახის დისკომფორტი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქიდან წამოვსულიყავით. ვერ წარმოვიდგენდი, არც გვიფიქრია მსგავსი რამ, ახლოს ვიყავით ოჯახებით, კარგი ურთიერთობა გვქონდა. მამაჩემი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა გაოცებული ვართ, არანაირად არ არის სიმართლე. დარწმუნებული ვარ მამაჩემის საიმართლეში“, - გვითხრა სავარაუდო ბრალდებულის შვილმა.

შშმ პირი ერთ-ერთი დღის ცენტრის ბენეფიციარია. ოჯახი ამბობს, რომ მათი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ამის გამო, ძალიან შეშინებულია. ამიტომ დედის თხოვნით მომხდარის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ქალისთვის დამატებით, კიდევ ერთი დღე გამოეყოთ.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |