საზოგადოება
მთიანი ყარაბაღისთვის თანხის გადასარიცხად ჯავახეთის ახალგაზრდებს გიუმრიში ჩასვლა მოუწიათ
ჯავახეთის ახალგაზრდებმა სამი დღის განმავლობაში შეგროვებული თანხა სომხურ ფონდში - "Hayastan All-Armenian fund" გიუმრიდან გადარიცხეს. ფონდის "ჯავახკი"–ს წევრებმა თანხა მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად შეაგროვეს. ფონდის წარმომადგენლების თქმით, გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისთვის ქართულმა ბანკებმა დიდი პროცენტი მოითხოვა, ამიტომ მათ თანხის გადასარიცხად გიუმრიში ჩასვლა მოუწიათ.

ჩვენი სახსრების შეგროვება ამით არ შემოიფარგლება, ის სისტემატიურ ხასიათს ატარებს. როგორც იქნა, დიდი შრომის შედეგად, სამი დღის შემდეგ შევძელით თანხის გადარიცხვა. ჩვენ 269 130 დოლარი გადავრიცხეთ, შევაგროვეთ 270 040 დოლარი, მაგრამ საქართველოში შუამავალმა ბანკმა 910 დოლარი დაიკავა. ჩვენი სამუშაო გამჭვირვალეა და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე”,- განაცხადეს ფონდის წევრებმა Facebook LIVE-ის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" ყარაბაღის დასახმარებლად კამპანია - "ყველა არცახისთვის" წამოიწყო, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამ დროისათვის, ფონდის ანგარიშზე შეგროვებული თანხა 90 მილიონ დოლარზე მეტია.

| Print |