საზოგადოება
ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების დარბევის ფაქტს არასამთავრობოები ეხმაურებიან
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ, რითაც 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლით დაშლას ეხმაურებიან.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს“
, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) , სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

გიორგი გოგუას ფოტო
| Print |