საზოგადოება
ახალი რეგულაციით, კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისით ისარგებლებენ
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შეეხო კვების ობიექტებსაც. დადგენილების მიხედვით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, რესტორნების მუშაობა იკრძალება, თუმცა მათ შეუძლიათ გატანის სერვისით ისარგებლონ.

„ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს ეპიდემიოლოგიური შედეგი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ- მინისტრის განმარტებით, სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად, სწორედ სარესტორნო ბიზნესი დაზარალდა.

„მოგეხსენებათ, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორთან ერთად რესტორნის ბიზნესია ყველაზე დაზარალებული. ამიტომ ის ეფექტური ინსტრუმენტი დახმარების სასტუმროებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა - მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გაგრძელდება რესტონების ბიზნესზეც. ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს,“ - განაცხადა გახარიამ.
| Print |