საზოგადოება
დღეიდან პურის ფქვილი 4 ლარით ძვირდება
დღეიდან, 8 ნოემბრიდან, 1 ტომარა ფქვილი 4 ლარით ძვირდება და 66 ლარი ეღირება. სუბსიდირება კი მხოლოდ დიდ საწარმოებს შეეხება. მცირე მეწარმეები ხელისუფლების დახმარების გარეშე რჩებიან, ეს კი ავტომატურად ფასების ზრდას გამოიწვევს. მცირე მეწარმეები აცხადებენ, რომ პურზე ფასის რეკორდულად ზრდაა მოსალოდნელი, რაც საარსებო მინიმუმს მკვეთრად შეამცირებს.

"არჩევნების შემდეგ დღეს 3 ლარით გაიზარდა ფქვილის ფასი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ამ ბოლო პერიოდში. სახელმწიფო ამ სუბსიდირებას მხოლოდ გარკვეულ კომპანიებს უწევს, მსხვილ კომპანიებს და მცირე მეწარმეებს არ ეხება ეს სუბსიდირება. ძალიან გვიჭირს კონკურენციის გაწევა დიდ კომპანიებთან და როდესაც სახელმწიფო არაკონკურენტურ გარემოს ქმნის ბაზარზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ეს ზოგადად ფონზე და ალბათ ბევრი კომპანია დაიკეტება,"
- ამბობს მცირე მეწარმე, ალექსანდრე კუპრაძე.

მსხვილი მეწარმეების სუბსიდირებას ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად გაჭირვებულ მოსახლეობას დააზარალებს.

"სუბსიდირების პროექტის გამო შეიძლება პურის ნაწილი შეიძლება დროებით არ გაძვირდეს, ოღონდ ეგ დროებითი ზომაა. რეალობას ვერ ასახავს. სამი თვით რომ დაასუბსიდირებ, ისიც ნაწილს, ოთხი თვით? მერე რას შვები? ამ სუბსიდიების პროგრამით ვინც ისარგებლებს, არიან მსხვილი იმპორტიორები და წვრილი იმპორტიორები ისევ თამაშგარე რჩებიან, არადა რეალურად ამ პანდემიამ ეგენი დააზარალა ყველაზე მეტად. ძალიან მძიმედ აისახება ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე. ამას ხელოვნურად თუ დავასუბსიდირებთ ბიუჯეტის ხარჯზე, ეს ბიუჯეტიც იმათზე აისახება ისევ"
– აცხადებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

არჩევნების შემდეგ პურის ფქვილზე ფასი 4–4 ლარით ეტაპობრივად გაიზარდა.

| Print |