საზოგადოება
საქართველოში, კორუფციის სავარაუდო შემთხვევებით, სამცხე–ჯავახეთი ლიდერობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები შეისწავლა. ორგანიზაციამ დასკვნის საფუძველზე „კორუფციის რუკა“ მოამზადა, სადაც საქართველოს რეგიონებში კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობაა მოცემული.

რუკის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთი ამ მხრივ ლიდერობს. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემწირველებისა და ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიებმა 2017-2020 წლებში, სამცხე-ჯავახეთში 40 989 436 ლარის შესყიდვები მიიღეს.

„ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის კომპანიამ 2014 წლიდან 4 096 286 ლარის შესყიდვები მიიღო, ხოლო მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიებმა 2015 წლიდან – 1 111 754 ლარის შესყიდვები მიიღეს.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ 2016–2019 წლებში 740 065 ლარის შესყიდვები მიიღო.

ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოლიანის ნათესავების კომპანიებმა 2 312 278 ლარს შესყიდვები მიიღეს 2010–2019 წლებში.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის კონსტანტინ ვარდანიანის კომპანიამ 2014 წლიდან 320 645 ლარის შესყიდვები მიიღო“
– აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო 8 წელში ჯამში 665.9 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

| Print |