საზოგადოება
"პური უფასოდ" - ახალციხის მაღაზიაში გაჭირვებულებს პურს ურიგებენ
"ვისაც არ აქვს პური უფასოდ" - ამ წარწერით ახალციხის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში გაჭირვებულ მოქალაქეებს პურის უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოს ია კურტანიძე ავრცელებს. მისი ინფირმაციით, მაღაზიის მეპატრონეებმა პურის უფასოდ გაცემა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს.

"დავინახე ეს წარწერა და შევედი. ხშირად ვსარგებლობ მაგ მაღაზიით. გადაღების ნებართვა ვითხოვე, დავდებ-მეთქი ინტერნეტში და დამთანხმდნენ. ჩემი სიხარული და სიყვარული ვერ დავმალე, მადლიერების გრძნობა ვერ დავმალე, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ისიც კი ვიკითხე ფურნეები შეღავათიან ფასში ხომ არ გაძლევენ პურს-მეთქი და არაო, ჩვენ ვურიგებთ ჩვენი სურვილითო - მიპასუხეს", - ამბობს ია კურტანიძე.

რამდენიმე დღის წინ, ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი გაძვირდა. პურის ფასი ახალციხეში 10 თეთრით გაიზარდა. საცხობებში მიზეზად ფქვილის გაძვირებას ასახელებენ.
| Print |