საზოგადოება
რას ნიშნავს და ვის ეხება ორკვირიანი უქმე დღეები იანვარში
3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები - უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ამასთან, 3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები (საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე).

კანონმდებლობით ამ დღეებში ყველა ვალდებულია, რომ დაისვენოს, თუმცა ამ გადაწყეტილებას პროფესიული კავშირების გაერთიანება სკეპტიკურად უყურებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არ დგას იმის საჭიროება, რომ ორი კვირით ქვეყანა სრულად გაჩერდეს და არავინ იმუშავოს.

"მთავრობის მიერ იანვარში 2-კვირიანი უქმე დღეების გამოცხადების შესახებ მიღებული დადგენილება არის სავალდებულო ყველასთვის, არა აქვს მნიშვნელობა კერძო თუ საჯარო სექტორი იქნება. გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება ამ დღეებში, ითვლება თუ არა ეს ზეგანაკვეთურ მუშაობად და ა.შ.

შესაბამისად, ასე ხელაღებით უქმე დღეების 2 კვირით გამოცხადება არის არასწორი და პრაქტიკაში არააღსრულებადი. ამასთან, ბევრი სტრუქტურა ისედაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობს და გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო უქმე დღეების გამოცხადება და რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა თუნდაც მთელმა რიგმა საჯარო სამსახურებმა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ დღეებში დაკონკრეტდება ეს დადგენილება. გამოიყოფა სექტორები, სადაც დაშვებული იქნება მუშაობა.

თუ დადგენილება არ დაკორექტირდება, კანონმდებლობით ყველა ვალდებულია დაისვენოს ამ დღეებში. კანონი არის ძალიან მკაცრი. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება რომ 1-ლი იანვრიდან გაზრდილი მანდატით შრომის ინსპექციაც ამოქმედდება, რომლის აღსრულების ნაწილი ამ დადგენილების აღსრულებასაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თუ უქმე დღეებია გამოცხადებული და დამსაქმებელი ან დასაქმებული მაინც აგრძელებს მუშაობას, უნდა მოხდეს სანქცირება. სანქციის სახით არის როგორც გაფრთხილება ასევე ჯარიმა, 200 ლარიდან 1000 ლარამდე, შესაძლოა ფინანსური სანქცია გასამმაგდეს კიდეც,“
- განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებეთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
| Print |