საზოგადოება
3-დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა
დღეიდან, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; 

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ისევ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობებიც, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და მოლებისგან განსხვავებით, საახალწლოდ არ გაიხსნა. მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მისცა და მკაცრად იყო აკრძალული მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვებოდა.

დღეიდან კი, სავაჭრო ცენტრებიც გაურკვეველი დროით დაიკეტა.

მთავრობამ თითქმის ლოქდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა და კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა.

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე;

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
| Print |