საზოგადოება
ექსპერტიზის შემდეგ, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას, პატიმრობა მსუბუქი მუხლით შეეცვლება - ადვოკატი

 

დღეს, 3 იანვარს, ბორჯომში შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განმარტებით, ჯერ კიდევ ჩასატარებელია საგამოძიებო პროცედურები. არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, მით უმეტეს, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ ცხოვრების უფლებაც აქვს.

პროკურატურის ბრალდებების ნაწილს არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი. ეკა აბაშიძე ამბობს, რომ 2019 წელს, როცა დედას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა, ხოლო შვილს მოძალადის, დედამ შვილს 5 000 ლარი გირაო მაინც გადაუხადა.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს ის სამედიცინო დოკუმენტები გადასცა, საიდანაც ირკვევა, რომ გარდაცვლილი იყო ფსიქო-ემოციურად გაუწონასწორებელი და ჰქონდა სხვადასხვა დაავადება, სწორედ შვილის სამკურნალოდ ჩამოვიდა დედა სამშობლოში.

ეკა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ბორჯომში დედამ შვილი ახალი წლის ღამეს სავარაუდოდ, დანით მოკლა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |