საზოგადოება
უკანონო მშენებლობისთვის დაჯარიმებულ პირებს ჯარიმებს აპატიებენ
საქართველოს პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს, რომელიც სივრცითი და არქიტექტურული ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტი იმ პირებს ეხება, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და სამშენებლო კოდექსის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. კერძოდ, დროებითი შენობა-ნაგებობა, ჯიხური საზოგადოებრივ ადგილზე ან მიმდინარე ტერიტორიაზე განათავსეს. პირები, რომლებმაც ჯარიმა არ გადაიხადეს ან ნაწილობრივ გადაიხადეს, თანხის გადახდისაგან სრულიად გათავისუფლდებიან.

ამავე დროს, ის სუბიექტები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ სამართლდარღვევაზე მშენებლობის სექტორში საქმე არ აღიძრა, ანდა თუ დაწყებულია მაგრამ დადგენილება არ არის გამოცემული, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

კანონპროექტის მომზადების მიზეზად ინიციატორები პანდემიის პირობებში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებზე იქონიებს გავლენას, რადგან ჯარიმების ოდენობა 300 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ინიციატორები საპარლამენტო დეპუტატთა უმრავლესობის წარმომადგენლები - მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა არიან. ცვლილების განხილვა დაჩქარებული წესით განიხილება.

მანამდე, თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი უკანონო მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლებოდა.

დედაქალაქში სახლის ასაშენებლად ნებართვა, შემდეგ კი სახლის პროექტის დამტკიცებაა საჭირო.

თბილისში უკანონო შენობების თემა განსაკუთრებით 2020 წელს გახდა აქტუალური. მერიამ უკანონოდ აშენებული რამდენიმე სახლი დაანგრია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე იყო აშენებული.
| Print |