საზოგადოება
ე.წ. სამხედრო დასახლებაში ორი შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ყოფილ სამხედრო დასახლებაში, რუსთაველის ქუჩის №124-ში ორი შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთ შენობაში, სადაც სამხედრო ბაზის სამზარეულო იყო განთავსებული, აღდგენის შემდეგ სპორტული კომპლექსი განთავსდება.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 387 540 ლარია. დაგეგმილია სამი სპორტული დარბაზე მოწყობა. თითოეული მათგანი გასახდელებითა და სველი წერტილებით იქნება აღჭურვილი. შენობის ფართი 1400 კვ. მეტრია.

მეორე ობიექტი, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება, ორსართულიანი შენობაა. მისი აღდგენის სავარაუდო ღირებულება 395 394 ლარია. აქ მერიას ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას გეგმავს.

ახალციხის მერიამ ორივე ობიექტის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2021 წლის 6 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება.
ახალციხის მერიის მიერ კიდევ ერთი ტენდერია გამოცხადებული, რომელიც ამავე ტერიტორიაზე შვიდი შენობის დემონტაჟსა და ღობის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 189 998 ლარია. ტენდერი მერიამ 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18-21 იანვრის პერიოდშია შესაძლებელი. 
| Print |