საზოგადოება
საქართველოში ტყის და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე რჩება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება. უწყების ცნობით, კერებიდან 3 ლოკალიზებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტირინგს. ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლიში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა",
- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |
თეგები: ხანძარი /