საზოგადოება
როგორ ეძებენ ახალციხეში მგზავრები და მძღოლები ერთმანეთს?
საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. არსებული შეზღუდვების გამო, რეგულაციების სიმძიმე უკვე იგრძნო სატრანსპორტო ბიზნესმა. მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა, რომლებსაც ქალაქიდან ქალაქში მგზავრები ყოველდღიურად გადაჰყავდათ, შემოსავალი დაკარგეს. მოქალაქეებს კი ორმაგი ხარჯის გაწევა უხდებათ.

„თბილისის მიმართულებით თუ გადის ვინმე, შემეხმიანეთ“; „გავდივარ თბილისის მიმართულებით, მსურველები დამიკავშირდით“ - მსგავს პოსტებს სოციალური ქსელში ხშირად შეხვდებით. მძღოლები და მგზავრები ერთმანეთს ჯგუფებში ეძებენ. ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად მგზავრები ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ, რადგან პანდემიის გამო, საქართველოში, უკვე თვენახევარია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილების ალტერნატიულ გზად ტაქსი, ან კერძო ავტომობილი რჩება, რაც მგზავრისთვის გაორმაგებულ ხარჯს ნიშნავს.

„აქამდე ერთი გზა 10 ლარი ღირდა, ახლა 20-25 ღირს, ასე როგორ შეიძლება? სხვა გზა არ გვაქვს ინტერნეტში შევდივართ და იქ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ახალციხე- თბილისის მიმართულებით დადიან“- ამბობს დალი ქოზაშვილი.

"ძალიან რთულია ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება. უნდა ეძებო ვინ მიდის იმ კონკრეტულ დღეს. ზუსტად ეგეც არიცი გავა თუ არა. თუ ადგილები არ შივსო ავტომობილში, ისე არ მიდის მძღოლი. თბილისში წასვლა დამჭირდა ადრე და ორმაგი თანხის გადახდა მომიწია. ისედაც რთული მდგომარეობაა და ამ აკრძალვების გამო, ისევ უბრალო მოქალაქეები ვზარალდებით "- ამბობს ადგილობრივი ჟუკა ბალახაშვილი.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 16 იანვრამდე იყო დაანონსებული, თუმცა მთავრობამ დღეს, 11 იანვარს, შეზღუდვები 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული" - განაცხადა ნათია თურნავამ.

რეგულაციების დაწესებით ქვეყანაში ინფიცირებულთა შემცირებული დღიური რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი მივიღეთ. შესაბამისად, მგზავრებმა და ტაქსის მძღოლებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს. იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ძიების პროცესი გამარტივებულიყო, რამდენიმე ადამიანმა ვებ-გვერდი შექმნა, სადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლები არიან გაწევრიანებული, მოქალაქეებს კი მგზავრობის დაჯავშნა წინასწარ შეუძლიათ.

ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრები თითქმის ყოველდღე გადაჰყავს, მამუკა კაპანაძეა. მსუბუქი ავტომობილით მგზავრობის ღირებულება, მიკროავტობუსთან შედარებით, ორმაგია. დედაქალაქში ჩასვლა ამ შეთხვევაში მგზავრს 20 ლარი უჯდება.

„პირველად რომ გამოაცხადეს ტრანსპორტის შეზღუდვა, მაშინ დავიწყე მეც ეს საქმიანობა. უკვე მყავს ჩემი კლიენტები, ძირითადად, თბილისში დავდივარ. პანდემიის გამო, სამსახური დავკარგე, ამიტომ დავიწყე ეს. მაქვს ყველანაირი სერვისი, რაც მომხმარებელს უნდა. მგზავრების რაოდენობა დამოკიდებულია ჩემ მუშაობაზე. მგზავრი თუ არ მყავს არ მივდივარ, აქედან ოთხი მგზავრი მიმყავს შემდეგ იქ ველოდები ვინმე ვნახო, რომ უკან დავბრუნე.

ხალხს ტრანსპორტი სჭირდება. ახალციხეში თითქმის ყველამ ასე დაიწყო მუშაობა, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა. მე მაგალითად, ჩემი საოჯახო სასტუმრო დავკეტე და დღესდღობით ტაქსის მძღოლი ვარ“
- ამბობს მამუკა კაპანაძე.პანდემიამ და შეზღუდვებმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ადგილობრივ ზაზა პარუნაშვილსაც. იგი ექვსი წელია ტაქსის მძღოლია, თუმცა პანდემიის დროს მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოჯახის რჩენა გაუჭირდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მსურველებს საკუთარი ავტომობილით მომსახურებოდა და მგზავრებისთვის ახალციხე-თბილისის მიმართლებით გადაყვანა შეეთავაზებინა. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ახლა მხოლოდ ეს საქმიანობაა. ზაზა პარუნაშვილი ამბობს, რომ მუშაობის გაგრძელებას რეგულაციების მოხსნამდე შეძლებს, რადგან შემდეგ მსურველების რაოდენობა შემცირება.

„პანდემიამ საკმაოდ შეგვიშალა ხელი. როცა ტრანსპორტი აიკრძალა, გადავწყვიტე დამეწყო საკუთარი ავტომობილით მგზავრების გადაყვანა ახალციხე-თბილისი, თბილისი-ახალციხის მიმართულებით. მსურვებელები საკმაოდ არიან, მგზავრობის ღირებულება 15 ლარია დიდუბემდე. ჯერჯერობით მგზავრები მყავს. ყოველდღე დავდივარ, სოციალური ქსელი ძალიან დამეხმარა, რომ გამევრცელებინა ეს ამბავი. ახალციხის ჯფუფებში ვწერ და ხალხი ასე მეკონტაქტება. ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეს არის. როცა ტრანსპორტი აღდგება მერეც გავაგრძელებ, მაგრამ მეეჭვება ხალხი მყავდეს. რა ვქნათ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ მძიმე პერიოდში“- ამბობს ზაზა პარუნაშვილი.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში 28 ნოემბერს აიკრძალა. შედეგად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, ახალციხეში, 50-მდე მძღოლი დარჩა.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |