საზოგადოება
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად. ეს დღე საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე დაწესდა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.

დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება“
, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
| Print |