საზოგადოება
''კვირაში ერთხელ მოდიან, ვითომ აკეთებენ" - ვალეში გზის საფარის მოწესრიგებას თვეებია ითხოვენ
ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კორპუსების უკან მდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. უკვე რამდენიმე თვეა, აქ სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მილების გაყვანის შემდეგ, გზის საფარი იმდენად ზიანდება, ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი ხდება.

სასმელი წყლის სისტემის მონტაჟს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

„ერთი დღე მუშაობენ, მეორე დღეს აღარ არიან, წყალი მიწის ზემოდან მოედინება, ეზოები და საწყობები იტბორება, მაგრამ არავინ ჩანს, რომ გააკეთოს. გუშინ მილი გასკდა, მაგრამ არ ამოვიდნენ, თქვეს დასვენების დღე გვაქვსო“ - ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანიშვილი.

ვალის მაცხოვრებლების თქმით, მერიას მიმართეს, სადაც განუმარტეს, რომ დაზიანებულ გზის საფარს გაზაფხულამდე ვერ მოაწესრიგებენ.

რაც შეეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელიც გზის საფარს აზიანებს, მის აღდგენაზე არაფერს ამბობს. კომპანიის რეგიონული მენეჯერის თქმით, ისინი დაზიანებულ საფარს მოასწორებენ, თუმცა მისი აღდგენა მათ კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება დაზიანებულ მილებს, გიორგი გრიგალაშვილის თქმით, სისტემა მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ დააზიანა, რამაც დამატებითი სამუშაოები წარმოშვა.

„მაჭარაშვილის ქუჩაზე, ისევე როგორც მთელს ვალეში იმუშავა სახელმწიფოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ახლაც მუშაობს, იმის გამო, რომ იქ არსებული ქსელი არის „ობობას“ ქსელივით. ძალიან ბევრი განშტოებმა. კონტრაქტორის მშენებლებმა დააზიანეს, ჩვენ მათ უკან მივყვებით და ამ ძველ ქსელებს ვაღდგენთ, არა მარტო მაჭარაშვილის ქუჩაზე, არამედ მთელს ვალეში“
- ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.

პროექტის ფარგლებში, ვალეში დამატებით შვიდი ჭაბურღილი ეწყობა, საიდანაც სასმელი წყლით მთლიანად ქალაქი ახალი მაგისტრალური ქსელის მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში მომარაგდება.

| Print |