საზოგადოება
„ძალადობის მსხვერპლი 17 ქალიდან, ხუთი მოძალადესთან დაბრუნდა, მივიღეთ პანდემიური ძალადობა“ - სამოქალაქო სექტორი
ფოტო: UN WOMEN

მსოფლიოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, კორონავირუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მხრივ მსოფლიოს არც საქართველო ჩამორჩება.

„ყველაფერი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როცა ორივე უმუშევრები დავრჩით. ბავშების და ჩემს მიმართ აგრესიული გახდა. არც მანამდე გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ პანდემიის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა, გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. გაშორების გადაყვეტილებაც ამის შემდეგ მივიღე, როცა ხელი შეგვეხო“.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ახალციხეში ცხოვრობს, ქმრის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას რამდენიმე წლის განმავლობაში უსიტყვოდ ითმენდა. განქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა უმუშევრად დარჩენილი ქმრის მიერ, ოჯახის წევრებზე ფიზიკურმა ძალადობამ სისტემატური სახე მიიღო.

„მე და ჩემი შვილები მშობლების სახლში, ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობთ. მართალია, ჩემი დედ-მამის სახლია, მაგრამ მაინც ვგრძნობ დაძაბულობას. ვცდილობ სამსახური ვიშოვო, მინიმალური, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მაინც მქონდეს, რომ შვილებთან ერთად ცაკლე გადავიდე საცხოვრებლად“.

ახალგაზრდა ქალი ერთადერთი არ არის, რომელზე ძალადობამაც პანდემიის პირობებში იმატა. იმის დასადგენად, რა გავლენა იქონია ორთვიანმა კარანტინმა ქალებზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა. შედეგში ჩანს, რომ მოსახლეობის 1/3-მა სამსახური დაკარგა. ამასთან, ქალებისთვის გაიზარდა სახლს საქმეები. ოჯახში ძალადობის ყველაზე ხშირი ფორმა, ფსიქოლოგიური ძალადობა აღმოჩნდა.

„ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც ბევრი ოჯახი დადგა, ყოველთვის არის ძალადობრივი ქმედებების გამომწვევი. ძალაინ მნიშვნელოვანია სივრცითი ფაქტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ოჯახს ჰქონდა მცირე სივრცე. იყო შემთხვევები, როდესაც ქალს გაცილებულ ქმართან ერთად, ერთ სივრცეში უწევდა ცხოვრება. შესაბამისად, დამძიმდა ისეთი ქალების მდგომარეობა, რომლებიც ადრეც ძალადობის მსხვერპლები იყვნენ“, - ამბობს ნათია მესტვირიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერულ მონაცემთა სპეციალისტი.

თუ აქამდე წინა პლანზე იყო წამოწეული ოჯახში ძალადობის პრობლემა და ამაში საზოგადოება ჩართული იყო, ახლა ინტერესი მიმართულია კოვიდისკენ და ქალთა მდგომარეობა მეორე პლანზე გადავიდა, სოლიდარობა დაიკარგა - გვეუბნება მარინა მოდებაძე. „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პანდემიამ ამის გარდა, მსხვერპლ ქალებს კიდევ სხა სახის პრობლემები შეუქმნა.

„როცა შეშინებული, დათრგუნული მსხვერპლის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ვახდენთ, ვეხმარებით ოჯახიდან გამოვიდეს, ანონიმურად შეხვდეს ფსიქოლოგს, სოცმუშაკს, იურისტს. ახლა მსხვერპლის სახლიდან გამოსვლა გართულებულია. თავშესაფარში გადაყვანაც შეუძლებელია. როცა თავშესაფრიდან ვუშვებდით, ვასაქმებდით. ვეხმარებოდით ბინა ექირავებინა, მსხვერპლს შეეძლო შვილები ერჩინა. ახლა ეს საშუალება ჩვენც აღარ გვაქვს, რადგან მათ ტურიზმის, სარესტორნო მომსახურების სფეროში ვასაქმებდით, ახლა ვინც დსაქმებული გვყავდა, ისინიც სამსახურის გარეშე დარჩნენ“, - გვიყვება მარინა მოდებაძე. მისი თქმით, პანდემიის დაწყებამდე ძალადობის მსხვერპლ 17 ქალს ხელობა ასწავლეს და დაასაქმეს, პანდემიის გამო კი უმუშევრად დარჩენილი ქალებიდან, ხუთი იძულებული გახდა მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო.

პანდემიის პირობებში ქალებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას განიცდიან, მარიამ იველაშვილი კონსულტაციებს დისტანციურად უტარებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ ფორმით მუშაობა არც თუ ისე მარტივია.

„პანდემია იმის საფუძველი გახდა, რომ მოძალადე ქმრებმა გაიმყარეს ადგილები. ამ სიტუაციას იყენებენ, რომ ისედაც ჩაკეტილ ქალებს, გარეთ გასვლას უკრძალავენ. მსხვერპლი სახლშია, ონლაინ 15 წუთი ვესაუბრები, შემდეგ მოდის ვინმე და აწყვეტინებს საუბარს. სახელმწიფოს დახმარება ძალიან გვჭირდება. მსხვერპლი რეკავს 112-ში და ელოდება“, - გვიყვება მარიამი.

სახალხო დამცველის აპარატი პრობლემას საინფორმაციო კამპანიებით ებრძვის. ომბუდსმენის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ამბობს, რომ სკოლებსა და სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. სალომე ყულჯანიშვილის თქმით, პრობლემაზე საუბარი განსაკუთრებით, ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს უჭირთ.

„ძალიან ხშირია ძალადობის ფაქტები, თუმცა ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემად ითვლება და მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. ჩვენი წყაროებით, ადგილობრივი მედიის საშუალებთ როცა ვიგებთ ძალადობის თაობაზე, ვიწყებთ ჩვენი ინიციატივით შესწავლას. თუ უკიდურეს ზომამდე არ მივიდა მსხვერპლი, ნაკლებად არის მომართვიანობა“, - გვეუბნება სალომე ყულჯანიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში მომხდარი დანაშაულის მონაცემები ასეთია:
15 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 11 ქალი მოკლეს. ამ პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერია გაცემული. ექვს თვეში სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის 74 შემთხვევაა გამოვლენილი.

ოფიციალურ სტატისტიკურ მონაემებს თუ შევხედავთ, 2017 წლიდან იმატა შემთხვევებმა, როცა მსხვერპლი, უმეტესწილად ქალი, სამართალდმცავ ორგანოებთან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. თუმცა, ამ საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წრმომადგენლების თქმით, რეალობა გაცილებით მძიმეა.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |