საზოგადოება
ვალეში დაზიანებული მილი მხოლოდ "მეცხრე არხის" გაშუქების შემდეგ შეაკეთეს
ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილი, რომელიც მაცხოვრებლების ეზოებსა და ქუჩას ტბორავდა, შეაკეთეს. ადგილობრივები დიდი ხანი ითხოვდნენ, რომ პასუხისმგებელ სამსახურს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისას დაზიანებული მილი შეეკეთებინა, თუმცა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დაზიანება მხოლოდ მას შემდეგ აღმოფხვრა, როცა „მეცხრე არხმა“ მასალა მოამზადა.

„14 იანვარს დავურეკეთ, გვითხრეს დასვენების დღე გვაქვს ვერ გავაკეთებთო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „მეცხრე არხს“. რამდენი ხანია ვეუბნები, რომ გაეკეთებინათ გახეთქილი მილი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა მანამდე, სანამ „მეცხრე არხს“ არ მივმართე“,
- ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანიშვილი.

მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამობობენ, რომ დაზიანებული მილიდან ამოსული წყლით ეზოები და სახლები ეტბორებოდათ, მათ მერის წარმომადგენლესაც მიმართეს, თუმცა მან უთხრა, რომ დაიანება გაზაფხულამდე ვერ შეკეთდებოდა.

„მაჭარაშვილის ქუჩაზე, ისევე როგორც მთელ ვალეში, იმუშავა სახელმწიფოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ახლაც მუშაობს. იმის გამო, რომ სისტემა არის „ობობას“ ქსელივით, ძალიან ბევრი განშტოებაა. კონტრაქტორის მშენებლებმა დააზიანეს, ჩვენ მათ უკან მივყვებით და ქსელებს ვაკეთებთ, არა მარტო მაჭარაშვილის ქუჩაზე, არამედ მთელ ვალეში“, - ამბობს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავაეთის სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი.

ვალეში სასმელი წყლის სისტემის მონტაჟს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. პროექტის ფარგლებში, ვალეში დამატებით შვიდი ჭაბურღილი ეწყობა, რისი საშუალებითაც ქალაქ ვალეს მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

| Print |