საზოგადოება
დამსვენებლები ბაკურიანს ცლიან, მთავრობამ ადგილობრივებს ტურისტების მიღება აუკრძალა
ხელისუფლების მკაცრი ტონის შემდეგ, ბაკურიანი დამსვენებლებისგან იცლება. კურორტზე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ შეატყობინეს, რომ თუ სტუმრები 17 იანვარს, დღის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან, მეპატრონეებს დააჯარიმებენ. ბაკურიანში გვითხრეს, რომ ამის შესაებ ერთი დღით ადრე გააფრთხილეს.

„ბაკურიანის მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია, შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს, მეც მეშინია სასტუმროს გაქირავება და ვერც ერთ დამსვენებელს ვიღებ. ხალხი დააჯარიმეს, დაამცირეს, დამსვენებლებისგან დააცლევინეს ყველას სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში 2 000ლარიანი ჯარიმის დაწერით დაემუქრნენ. გააჩერეს ბურანები, კვადროციკლები. ბევრი დამსვენებელიბ იყო, მაგრამ ახლა იცლება კურორტი“,
- ამბობს ბაკურიანში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.

მერის წარმომადგენელი კურორტ ბაკურიანში გოჩა გობრონიძე გვიდასტურებს, რომ ადგილობრივები გააფრთხილეს, დამსვენებლებს სასტუმროები დააცლევინონ.
„მანდ უშუალო სამსახურებია, რომლებიც დადიან და აფრთხილებენ. მე შესაბამისი კომპეტენცია არ მაქვს, სამსახურები აფრთხილებენ, რომ არ მოხდეს სასტუმროების გაქირავება“.

საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით მთავრობამ კურორტის მოსახლეობა ბოლომდე გაწირა. მისი თქმით, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივებს შანსი მიეცათ, რომ მინიმალური შემოსავალი მიეღოთ, თუმცა აკრძალვებითა და ჯარიმებით, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვეს.

„რაც ბაკურიანს თავს დაატყდა, ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლებისგან მოდის. რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა და იფიქრეს, რომ კურორტზე მასობრივად არის დამსვენებელი. არადა ზოგი საკუთარ სახლშია ჩამოსული. გამოდის, კერძო საკუთრებასაც ეხებიან. ზოგს ძმა და ნათესავი ჰყავს სტუმრად. ხალხი იძულებულია დაემორჩილოს, რომ არ დაჯარიმონ“.

ზამთრის კურორტზე სტუმრების მიღება მთავრობამ 28 ნოემბერს ამოქმედებული შეზღუდვების ფარგლეში აკრძალა. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეა ბაკურიანში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა. დაიხურა 2 პარკი და მოქალაქეებს სეირნობა აკრძალული აქვთ. აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.

| Print |