საზოგადოება
"ჩემს თავს ვუთხარი - აღარ შეგიძლია, უნდა გაჩერდე" – სტუდენტი ექთნები სამცხე-ჯავახეთიდან
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებისა და მედპერსონალის ინფიცირების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართო. ახალგაზრდები ექიმებს პაციენტების მართვაში ეხმარებიან. მათ შორის არიან სტუდენტები სამცხე-ჯავახეთიდან, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, პანდემიის დასაწყისშივე აღმოჩნდნენ. ქვეყანას სჭირდება ყველა, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება შეუძლია - გვეუბნება გიორგი და პირდაპირ ბოქსირებული პალატიდან გვერთვება. სამედიცინო უნივერისტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი კოვიდინფიცირებულებს უვლის. ყველაზე რთულიც, ვირუსთან ბრძოლაში მყოფი მძიმე პაციენტების ყურებაა. რეანიმაციაში 50-მდე პირია, აქედან რვა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ასპინძელი გიორგი რიჟამაძე მეხუთე წელია ნეიროქირურგიულ რეანიმაციაში ექთნად მუშაობს. ორი თვის წინ, როცა თბილისის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა, გიორგიმ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაინაცვლა. მომავალმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა კორონავირუსი უკვე დაამარცხა და სამუშაო ადგილზე დაბრუნდა.


გიორგის მსგავსად, მეხუთე კურსის სტუდენტია ახალციხელი თინათინ თათოშვილი. მომავალ მეან-გინეკოლოგს ინფიცირებულ პაციენტებზე ზრუნვა კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღიდან მოუწია. 10 თვის განმავლობაში, მუშაობდა თეარაპიულ განყოფილებასა თუ ბოქსირებულ პალატებში. ახლა კოვიდკლინიკის მიმღები განყოფილების ექთანია. ამ ეტაპზე, მის მოვალეობაში კოვიდპაციენტების პირველადი დახმარება და შესაბამის განყოფილებაში გადაყვანა შედის.

ახალციხელი სტუდენტი გვიყვება, რომ 5 თვეა ოჯახის წევრები არ უნახავს. ეს მისი არჩევანია. დატვირთვა შემოდგომიდან გაიზარდა, როცა პაციენტების რიცხვმა იმატა, კლინიკას კი თავისუფალი საწოლები აღარ ჰქონდა.

„თავდაპირველად, უფრო რთული იყო, რადგან ყველა აღიქვამდა, როგორც მომაკვდინებელ ვირუსს. როცა პაციენტი დათრგუნული შემოდიოდა „გამოტანილი განაჩენით“, ჩვენ ვამხნევებდით. გამოჯანმრთელებული რომ გაეწერებოდა და მის ბედნიერ სახეს ვხედავდი, უფრო ვძლიერდებოდი, რომ ჩვენს ბრძოლას ჰქონდა შედეგი“, - გვიყვება თინა.


თინათინისგან და გიორგისგან განსხვავებით, პაციენტებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს თიკო კოპაძეს, თუმცა ორი თვეა კოვიდინფიცირებულებს დისტანციურ კონსულტაციას უწევს. ახალციხელი რეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ კლინიკაში მუშაობს. თიკო ყოველ დღე ათობით პაციენტის ზარს პასაუხობს. გარდა ამისა, იმ ინფიცირებულების მეთვალყურეობას ახორციელებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

„ონლაინ კლინიკაში შემოდის 112-ის მიერ გადმომისამართებული ზარები. აქ ხვდებიან ისეთი პაციენტები, რომელბსაც აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კოვიდი. ან პაციენტები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ კოვიდ შემთხვევებთან და აქვთ რაიმე დამახასიათებელი სიმპტომი. ასევე არის ხალხი, ვისაც კითხვები აქვთ და უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რომ გაერკვნენ, როგორ დაიცვან რეკომენდაციები, ან როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან. მსგავსი ზარები ხვდება ონლაინ კლინიკაში“, - გვიყვება რეზიდენტი თიკო კოპაძე.
თიკო კოპაძე

ვაჩე მოდებაძე მიმღები განყოფილების ექთანია. პაციენტების მიღება, ანალიზების აღება, ექიმის დანიშნულების შესრულების მონიტორინგი - ამის გარდა, მის მოვალეობაში კიდევ არაერთი საქმე შედის. სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მუშაობის დაწყებდან ორ თვეში, კოვიდპაციენტების პირისპირ აღმოჩნდა. ამბობს, რომ გაზაფხულზე, სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადად, ახალგაზრდები მიჰყავდათ და შესაბამისად, მსუბუქი პირების მიღება უწევდა, შემოდგომიდან კი მძიმე, ხანშიშესული პაციენტების მიღება უწევს. კორონავირუსთან ბრძოლამ მისი სამომავლო პროფესიაც განსაზღვრა. სტუდენტი სწავლის გაგრძელებას რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის მიმართთულებით აპირებს.
ვაჩე მოდებაძე კოლეგებთან ერთად

„სანამ გავიგებდით რა და როგორ ხდებოდა, თავდაპირველად უმრავლესობა და მათ შორის მეც ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ არც ისე ძნელი ყოფილა. ამ გამოწვევის წინაშე სტუდენტები მყარად დავდექით და შევეცადეთ, გვერდში დავდგომოდით ქვეყანასაც და ხალხსაც. ძალიან ბევრი ცოდნა შევიძინეთ, უცნობ ვირუსთან ბრძოლა არც ისე მარტივი საქმე იყო“.

ვაჩე, თინა, გიორგი და თიკო ნაწილია იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. შედარებით გამოუცდელები, თუმცა გაბედულები - სტუდენტები, რომლებიც უცნობ ვირუსს არ შეუშინდნენ და პაციენტებს მედიკამენტებთან ერთად, გადარჩენის იმედს აძლევდნენ. 
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |